რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება საქართველოს დე ფაქტო პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს 5 ქვეყანას, მათ შორის რუმინეთს "ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო" მადლობა გადაუხადა.
რუმინეთის საგარეო უწყების თანახმად, მათი პოზიცია "არასწორად იქნა წარმოდგენილი".
"ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით და ქართველი ხალხის ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის გამო", - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
Deeply disappointed about the choice of presenting inaccurately internal discussions at EU level. We use this opportunity to reiterate our strong concern about the Georgian Gov’s decision on EU accession dialogue and the violent repression of Georgian’s legitimate protests.
დღეს დე ფაქტო პრემიერმა რუმინეთის გარდა, უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიასა და ესპანეთს "ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო" მადლობა გადაუხადა.
მან ასევე თქვა, რომ "უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს".
16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.
ამასთან, მან თქვა, რომ EU-ის საგარეო მინისტრების საბჭოზე განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხიც.
კერძოდ, მან თქვა, რომ "განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტი წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან".