logo
ENG



კობახიძე გვიმტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არავითარი კუთხით აღარაა საინტერესო

29 დეკ 202412:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/29/r6r42y4q98xd5u8.png

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არავითარი კუთხით აღარაა საინტერესო. 

მისივე თქმით, ზურაბიშვილი არა საქართველოს, არამედ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი იყო და დღეს ის უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი გახდა.

"მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, მანამდეც ის იყო, რეალურად, ფაქტობრივად, ნაცმოძრაობის პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის ის საინტერესო", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, არალეგიტიმური პრემიერმინისტრი 2025 წლის 20 იანვარს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევასაც გამოეხმაურა და ჰელსინკის კომისიის თავჯდომარეს, ჯო უილსონს, ამერიკელი კუბილიუსი უწოდა.

"რაც შეეხება ინაუგურაციაზე მიწვევას, ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ის ინაუგურაციაზე. აქაც არაფერი საინტერესო არ არის. მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასი ათასობით ადამიანი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს", - აღნიშნა კობახიძემ.

 


close დახურვა