განახლება: თავდაპირველად, ინგლისური სინქრონული თარგმანის მიხედვით, სიტყვა "გაყალბების" ნაცვლად, ნათქვამი იყო "ბიულეტენების ყუთში ჩაყრა", თუმცა ოფიციალური ფრანგული თარგმანის მიხედვით ემანუელ მაკრონმა "გაყალბება" ახსენა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი გახდა უფრო აგრესიული, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მიმართ.
ის ამ კონტექსტში ახსენებს საქართველოს და ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება ვნახეთ საქართველოშიც - საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციის გზით და გაყალბებით. მაკრონმა ამავე კონტექსტში ასევე ისაუბრა სომხეთზე, აზერბაიჯანსა და მოლდოვაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა საქართველოს მსგავსი პროცესი სცადა მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდა.
"ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით, რუსეთის ქცევა რადიკალურად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა.
ასევე, ის უფრო აგრესიული გახდა მეზობელი ქვეყნების მიმართ. ამას ჩვენ ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა მოულოდნელად შეცვალა თავისი დამოკიდებულება და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციის გზით და გაყალბებით, მოლდოვაში მათ სცადეს იგივე, მაგრამ არ გამოუვიდათ"- განაცხადა მაკრონმა.