logo
ENG



ირაკლი კობახიძე: პია კაუმამ თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი

07 იან 202512:45
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/07/b22j2g3dl8d3z72.jpg

ოცნების პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გადადებას გამოეხმაურა და მას "მონდომებისთვის, სურვილისთვის, დაეხმაროს საქართველოს" მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, კაუმამ თავად შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი და დაინახა ისიც, რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პია კაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, დაეხმაროს ქვეყანას. მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველთვის ასეთი იყო. ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, ხედავთ, როგორი იყო კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ, რაც აბსოლუტურად გამაოგნებელია.

ჩვენ თავის დროზე ქალბატონ პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი, მაგალითად, საქართველოში და, რეალურად, თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი. ვფიქრობ, ქალბატონმა კაუმამ დაინახა ისიც, რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენა. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც ყველა უნდა ვებრძოლოთ და ეს მიმდინარეობა, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტის შესახებ 5 იანვარს გახდა ცნობილი. ფაქტს უარყოფითად გამოეხმაურნენ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი და ბარიერგადალახული ოპოზიციის წევრები.

ოცნების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ პია კაუმას საქართველოში ვიზიტი დასტური იქნებოდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა, თუმცა 6 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო.

 


close დახურვა