logo
ENG



უილსონი და 42 პოლიტიკოსი საქართველოში არჩევნებზე წერილით "დემოკრატიულ მთავრობებს" მიმართავენ

08 იან 202518:04
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/08/giwxxra1jwirtql.jpg

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და კიდევ 42 პოლიტიკოსი ყველა "თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას" ერთობლივი წერილით მიმართავს და მოუწოდებს, "უარყონ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში".

ამასთან, წერილში მოწოდებაა "დემოკრატიული მთავრობებისადმი" - არ გამართონ მაღალი დონის შეხვედრები არალეგიტიმურ რეჟიმთან, სანამ ისინი არ დათანხმდებიან ახალ არჩევნებს. წერილში საუბარია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებზეც. 

"ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკის შემქმნელები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ ერთიანი პოლიტიკისკენ, რომლის თანახმადაც არ უნდა გაიმართოს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები თავისუფალ და სამართლიან მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის იქამდე, სანამ ისინი არ დათანხმდებიან ახალ, სათანადო მონიტორინგის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს. გარდა ამისა, ჩვენ მოვიწოდებთ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილის რეჟიმისა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას.

ივანიშვილის პარტია ქართულმა ოცნებამ აირჩია, იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმურ შეშფოთებას ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებზე, ჩამოაყალიბა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივი წესით აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სისასტიკით უპასუხეს ასობით ათასი ადამიანის ღამის პროტესტს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა