თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, პროევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ბრალდებულები - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
მათ ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ.
ადვოკატების თქმით, ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასა და სასამართლოსგან გირაოს დაწესებას მოითხოვდნენ.
ამასთან, მათი განმარტებით, ბრალდებულები აქამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ, რის გამოც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ვერ დადასტურდება.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.