
დღეს, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება - საარჩევნო უბნები დილიდან უკვე გაიხსნა. ცნობილია, რომ ამომრჩეველთა სიებში 6,9 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი.
ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი - აქედან 207 საავადმყოფოებში, სანატორიუმებში და დროებითი განთავსების სხვა ადგილებში. საარჩევნო უბნები არ გახსნილა საზღვარგარეთ.
პრეზიდენტობას ქვეყნის ისტორიაში ერთადერთი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო მე-7 ვადით გეგმავს. ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები.
ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
ლუკაშენკოს გარდა, ბელარუსის პრეზიდენტისთვის კიდევ ოთხი კანდიდატი იბრძვის: ბელორუსის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლეგ გაიდუკევიჩი; შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ალექსანდრე ხიჟნიაკი; ბელორუსის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი სერგეი სირანკოვი; წინა არჩევნების ყოფილი კანდიდატი, მეწარმე, უპარტიო ანა კანოპაცკაია.
ბელარუსის წინა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ლუკაშენკო მეექვსე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად, 2020 წლის აგვისტოში გაიმართა. არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დარღვევებს ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ამტკიცებდა, რომ ხმების 60%-ზე მეტი მიიღო, თუმცა ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა და 80% დაუწერა.