logo
ENG



სლოვაკეთის პრემიერმინისტრის კოალიციური მთავრობა პარლამენტში უმრავლესობას კარგავს

26 იან 202512:39
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/26/triwm3tjql7367w.jpg

უცხოური მედიის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს კოალიციური მთავრობა პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც კოალიციის ოთხმა დეპუტატმა უარი თქვა კენჭისყრაზე იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მათი მხარდაჭერის გარეშე, მმართველ კოალიციას მხოლოდ 75 ხმის მოპოვება შეუძლია, რაც 150-კაციანი პარლამენტის გასაკონტროლებლად საჭირო უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის.

გავრცელებული ინფრომაციით, შიდა დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ერთ-ერთმა კოალიციურმა პარტიამ მეამბოხე დეპუტატების მოთხოვნები, რომლებიც პარტიის მიმართულებას აკრიტიკებდნენ, უარყო. 

მანამდე ფიცომ აღნიშნა, რომ ათიათასობით ადამიანის მოთხოვნის მიუხედავად, ის არ გადადგება. მისივე თქმით, მასობრივ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ფიცომ არ გამორიცხა ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია უმრავლესობას დაკარგავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის.

გუშინ, სლოვაკეთის პრემიერმინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 60 000 ადამიანი გამოვიდა. ამასთან, დემონსტრაციები სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქშიც გაიმართა.

სლოვაკეთში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა - ფიცომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი ფერადი რევოლუციების ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.

ფიცოს მთავრობას რუსული ინტერესების გატარების გამო დასავლურ ქვეყნებში ხშირად აკრიტიკებენ. 

 

 


close დახურვა