logo
ENG



ექიმი ამაღლობელზე: ამას აქვს საზღვარი, შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, ვეღარ დავიჭიროთ

07 თებ 202521:59
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/07/wbm1w5fi02gt19x.jpg

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კლინიკა ვივამედში სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მოინახულა. მათი ერთობლივი პოზიციით, რადგან ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, კლინიკაში უნდა დარჩეს.

გასტროენტეროლოგმა, გიორგი გვილიამ განაცხადა, რომ რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში ისეთი ცვლილებები მიდის, რომ გარედან მიხმარება საკმარისი აღარ არის და შესაძლოა ისეთი ძვრების განვითარება გამოიწვიოს, რომ ექიმებმა პროცესის შეჩერება ვეღარ შეძლონ.

"მდგომარეობა არ არის მარტივი, დასაფიქრებელია. დოკუმენტაციას გავეცანი და კიდევ უფრო მძიმედ იყო საავადმყოფოში გადმოყვანამდე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა. ძალიან ყურადღებით გავეცანით ისტორიას და პრაქტიკულად ყველაფერი ტარდება იმისათვის, რომ შიმშილობამ მალე არ გამოიწვიოს მძიმე შედეგები. დღესდღეობით ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ, არ არის, მაგრამ ეს ალბათ ჩემი კოლეგების დამსახურებაა, რომლებიც დროულად, ადეკვატურად და კარგად მკურნალობენ.

ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი, ოღონდ ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში ისეთი ცვლილებები მიდის, რომ ეს მიხმარება გარედან, რაც სრულიად ადეკვატურად ხდება დღესდღეობით, აღარ იქნება საკმარისი. ადამიანი არ არის მექანიზმი ისეთი მარტივი, რომ აი რაღაც დააკლდა, შეავსო და მერე იმან იმუშაოს, კი შევავსებთ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს რომ ის ვეღარ დავიჭიროთ.

მონიტორინგი ყოველდღეა საჭირო. რაღაც ნიშნები რომ გამოჩნდება, მერე შეიძლება პროგნოზირება, აი დღეს დავუშვათ რაღაც მაჩვენებლები, ამის, იმის, კალიუმის, ცილის, შარდმჟავა და ასე შემდეგ, დაუშვათ დღეს კარგად არის, ეს ყოველ საათობრივად, აი ხვალ შეიძლება სხვანაირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ვმკურნალობთ. ამიტომ მგონია და ჰგონიათ ჩემ კოლეგებსაც, რომ თუ შიმშილობას ვაგრძელებთ და ეს არის მისი გადაწყვეტილება მოქალაქეობრივი, უნდა გავაგრძელოთ ალბათ კლინიკის პირობებში, სადაც ამის მეთვალყურეობა შესაძლებელია", – განაცხადა გვილიამ.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა, რომელიც პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის. 

მზია ამაღლობელი უკვე 27 დღეა შიმშილობს.


close დახურვა