logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 16 ოქტომბერი, 2019

16 ოქტ 201910:20
3 წუთის საკითხავი
clock 1209
9z5wlujd0r8bofd.jpg

რუსი სამხედროები ხაშურის სოფლებთან

 

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანასა და ყობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროები ბორდერიზაციის სამუშაოებს აწარმოებენ. ქართული მხარე ამას პროვოკაციულ ნაბიჯებს უწოდებს და აცხადებს, რომ ამის შესახებ საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ყობის ერთადერთი მოსახლე, 65 წლის გენადი ბოსიკოვი ამბობს, რომ სამუშაოები ძირითადად, სოფელ ყობის სიახლოვეს, მდინარე ლოპანის ნაპირზე მიმდინარეობს.

2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას დაძაბულობა მოჰყვა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი პოსტის დაშლას მოითხოვდა და თბილისს პროვოკაციებში ადანაშაულებდა. აღნიშნული საკითხის განხილვას რუსულ და ოსურ მედიაში პერიოდულად უბრუნდება ხოლმე ოსური მხარე.

 

უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შემცირდება

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანებით, 17 ოქტომბრიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შემცირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ცვლილებით დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის სესხების გაცემას და უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირდებას ელოდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება 1 ოქტომბერს დაანონსა, რის მთავარი მიზეზიც ლარის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა გახდა.

 

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხს განიხილავს

 

სირიაში მიმდინარე პროცესებზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართება. დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ და პოლონეთმა დახურული განხილვის გამართვა მოითხოვეს.

მას შემდეგ, რაც რეგიონი დატოვეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა, 9 ოქტომბერს, თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო. თურქეთს სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმა, ხოლო გერმანიამ და საფრანგეთმა ანკარასთვის იარაღის მიწოდებაზე თქვა უარი.

 

Ერდოღანის პასუხი დასავლეთს

 

თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქურთულ ძალებთან მოლაპარაკებებზე თურქეთი არ წავა.

ბაქოდან დაბრუნების დროს ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, სანამ თურქეთი საბოლოო მიზანს არ მიაღწევს და დასძინა, რომ მათ არანაირი სანქციები არ ანაღვლებთ.

"ისინი ჩვენზე ზეწოლას ახორციელებენ და გვეუბნებიან, რომ სამხედრო ოპერაცია შევწყვიტოთ. აანონსებენ სანქციებს. ჩვენი მიზანი ნათელია. არანაირი სანქციები არ გვანაღვლებს", - განაცხადა ერდოღანმა.

 

პარლამენტში ლილუაშვილის კანდიდატურას იხილავენ

 

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განხილვა მიმდინარეობს.

ლილუაშვილის კანდიდატურას ოპოზიცია აკრიტიკებს, ხოლო მმართველი პარტია ირწმუნება, რომ ის კვლაფიციური კადრია ამ თანამდებობისთვის და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური სამთავრობო ცვლილებების შემდეგ გახდა, როდესაც ვახტანგ გომელაური შს მინისტრად დაინიშნა. მანამდე კი ლილუაშვილი სუს-ში გომელაურის მოადგილე იყო.

 

ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვალა

 

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა და ტრანსპორტის მოძროაბა შეიცვალა:

 

  • ილია ჭავჭავაძის გამზირზე, დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის კვეთიდან ავტოტრანსპორტი შეფერხების გარეშე იმოძრავებს მხოლოდ ცალმხრივად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით;
  • ნინო რამიშვილისა და დიმიტრი არაყიშვილის ქუჩებიდან გამომავალი ტრანსპორტი, ასევე, იმოძრავებს მხოლოდ პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით;
  • მიმდინარე საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაიკეტება ილია ჭავჭავაძის გამზირი – დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის კვეთიდან ლადო კავსაძის ქუჩის კვეთამდე, ასევე, ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩისა და ილია ჭავჭავაძის გამზირი-ნინო რამიშვილის ქუჩის კვეთები. აღნიშნული ქუჩებიდან ტრანსპორტი ვერ მოხვდება ილია ჭავჭავაძის გამზირზე;
  • ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმართულებით სვლის გაგრძელებას შეძლებენ მხოლოდ ლადო კავსაძის ქუჩის გავლით;
  • ლადო კავსაძის ქუჩაზე მოძრაობა დასაშვები იქნება ცალმხრივად, მხოლოდ ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით;
  • ილია ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მომავალი ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩის კვეთამდე, საიდანაც ავტომანქანების ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩის გავლით, ირაკლი აბაშიძის ქუჩის მიმართულებით;
  • ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხრივად, ნინო რამიშვილის ქუჩის გავლით;
  • დიდიმ მირცხულავას ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები იქნება ორმხრივად, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტი კი დიდიმ მირცხულავას ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებს ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მხოლოდ პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით;
  • გარდა ამისა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი ავტომანქანები დიდიმ მირცხულავას ქუჩის გავლით მოხვდებიან ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე;
  • პარკირება აიკრძალება ნიკოლოზ ბერძენიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ნინო რამიშვილისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩებზე.

 

Თამთა თოდაძის ადვოკატი პოლიციელების დაკითხვას ითხოვს

 

თამარ ლუკავას მიაჩნია, რომ ის პოლიციელები, რომლებიც ინციდენტის შემდეგ, ილია ჯიშკარიანის ოფისში პირველად მივიდნენ, აუცილებლად უნდა დაკითხოს. Ამ მოთხოვნით, თოდაძის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს.

თოდაძის ადვოკატის მოთხოვნას ეთანხმება ჯიშკარიანის უფლებადამცველი და აცხადებს, რომ სამართალდამცველების გამოკითხვა მისთვის მომგებიანიცაა.

თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ბრალი აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. თოდაძე კი პროკურატურას დაზარალებულად ჰყავს ცნობილი.

ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს 11:00 საათზე განცხადების გავრცელებას აპირებენ. Ადვოკატები ილია ჯიშკაროანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ ადვოკატთა ასოციაციას მიმართავენ, რეაგირება მოახდინოს საკრებულოს დეპუტატის, ინტერესების დამცველ მარიამ კუბლაშვილის ქმედებებზე.

 

ტაიფუნის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

 

"როიტერსის" ინფორმაციით, ტაიფუნ "ჰაგიბისს" 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იაპონიაში. დაკარგულად ითვლება 12 ადამიანი, 220-მა მოქალაქე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

იაპონელი სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ "ჰაგიბისი", რომელიც ქვეყანას რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს, ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.


close დახურვა