logo
ENG



საია: ოცნება ახალისებს სტერეოტიპულ გენდერულ როლებს რიტორიკით, დისკრიმინაციული ინიციატივებით

08 მარ 202515:07
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/08/yzcd7es9kw7jzel.jpeg
Jerome Gilles/NurPhoto

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშით, 8 მარტს საქართველო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება. განცხადებაში წერია, რომ ქართული ოცნება გამუდმებით ახალისებს სტერეოტიპულ გენდერულ როლებს როგორც რიტორიკით, ასევე დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივებით.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლევამ გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლის სისტემაში არაერთი გამოწვევა და სისტემური პრობლემა გამოავლინა.

"საიამ 2024 წელს გამოაქვეყნა კვლევა „სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“. კვლევამ გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლის სისტემაში არაერთი გამოწვევა და სისტემური პრობლემა გამოავლინა, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების, სტატისტიკის წარმოების, ძალადობაგამოვლილი ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, მეორეული ვიქტიმიზაციასგან დაცვის და მხარდამჭერ სერვისებზე, მათ შორის თავშესაფრებზე წვდომის კუთხით.

სამწუხაროდ, ამ პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, ,,ქართული ოცნება”  საკანონმდებლო სივრცეს კიდევ უფრო აშორებს სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და ცდილობს კანონმდებლბიდან გააქროს სიტყვები “გენდერი” და “გენდერული თანასწორობა” 

სტამბოლის კონვენციის და მისი განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ტერმინი “გენდერი” ნიშნავს სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას ან მახასიათებლებს, რომლებსაც საზოგადოება შესაფერისად მიიჩნევს ქალის ან მამაკაცისათვის. გარკვეული როლები ან სტერეოტიპები ხელს უწყობს არასასურველ და საზიანო პრაქტიკას და ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიმღებლობას. კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გააზრებული უნდა იყოს გენდერულ ჭრილში, რაც უნდა იქცეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების საფუძვლად", - წერია საია-ს განცხადებაში.

საია წერს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტი-გენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, პოლიცია, რომელიც გენდერულად მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი უნდა იყოს, თავად გვევლინება მოძალადედ. 

"გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტი-გენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ  ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს. 2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და უფლებადარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა", - წერია საია-ს მეირ გავრცელებულ ანგარიშში.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, მათ შორის ქალების წინააღმდეგ პოლიციის მსგავსი დამოკიდებულება, საზოგადოების თითოეულ წევრს დაუცველად ტოვებს.

"სამართალდამცავი სისტემის მსგავსი ეროზია და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, მათ შორის, ქალების წინააღმდეგ პოლიციის ასეთი ინსტრუმენტალიაცია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ საპოლიციო ძალადობის უშუალო მსხვერპლებზე, არამედ, ზოგადად, დაუცველად ტოვებს საზოგადოების ყველა წევრს, ახალისებს გენდერულად მოტივირებულ ძალადობას და უთანასწორობას საზოგადოების ყველა სფეროში", - ნათქვამია ანგარიშში.


close დახურვა