logo
ENG



სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩის თქმით, თუ ახალი მთავრობა არ შეიქმნება, არჩევნებს დანიშნავს

19 მარ 202518:25
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/19/ywf5e9d6hzz25vm.jpg

სერბეთის მთავრობა ქვეყნის პრემიერმინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის ხელმძღვანელობით გადადგა და სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ივნისის თვეში შესაძლოა ახალი არჩევნები ჩაინიშნოს.

პრემიერმინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა თანამდებობა იანვრის ბოლოს დატოვა, თუმცა პარლამენტმა მისი მოთხოვნა დღეს დააკმაყოფილა.

პრეზიდენტმა ვუჩიჩმა 16 მარტს განაცხადა, რომ თუ პრემიერმინისტრ ვუჩევიჩის გადადგომიდან 30 დღის განმავლობაში ახალი მთავრობა არ შეიქმნება, ის ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, რომელიც, სავარაუდოდ 8 ივნისს გაიმართება.

სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში ფართომასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ "გზავნილი გასაგებია და საკუთარი თავის შეცვლა მოუწევთ".

სერბული მედიის ცნობით, საპროტესტო აქციებზე 22 ადამიანი დააკავეს, ხოლო 56 კი დაშავდა.

იმის მიუხედავად, რომ ალექსანდრ ვუჩუჩის მთავრობის განცხადებით, სერბეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე 107 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, მონიტორინგის დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ თქვა, რომ ბელგრადში აქციაზე 325 000 ან მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

მანამდე, აქციის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვუჩიჩმა თქვა, რომ მოქალაქეებმა თავშეკავება უნდა გამოიჩინონ და ასევე, დაამატა, რომ "ვინც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობას, დააპატიმრებენ".

28 იანვარს სერბეთის პრემიერმინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა პროტესტის ფონზე თანამდებობა დატოვა, მაგრამ ამის მიუხედავად, პრეზიდენტი ვუჩიჩი ამბობდა, რომ "არსად წასვლას აპირებდა".

სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მომხდარი ფაქტი სერბეთის მთავრობის დაუდევრობისა და კორუფციის შედეგია.


close დახურვა