
თურქეთიდან BBC-ის ჟურნალისტი, მარკ ლოუენი გააძევეს. ის სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ გამოწვეულ საპროტესტო აქციებს აშუქებდა. ლოუენის გაძევების მიზეზად სახელდება, რომ ის "საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისთვის".
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით BBC News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტურნესმა თქვა, რომ ეს "უკიდურესად შემაშფოთებელია" და მაუწყებელი ამ საკითხს თურქეთის ხელისუფლებასთან დააყენებს.
ამასთან, თურქეთის მედიის ზედამხედველობის უწყებამ, რადიოსა და ტელევიზიის უზენაესმა საბჭომ (RTUK) სტამბოლის მერის დაპატიმრების გაშუქებასთან დაკავშირებით ოთხი ოპოზიციური მედია დააჯარიმა.
ერთ-ერთ ტელევიზიას, SZC TV-ს მაუწყებლობა 10 დღით შეუჩერდა.
თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა და პატიმრობა შეუფარდა სასამართლო განხილვის დასრულებამდე. ამ ფაქტმა ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
პროკურატურამ სასამართლოს იმამოღლუსა და მისი ოთხი თანაშემწის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა. საქმე კორუფციისა და დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებებს ეხება. თურქეთის ხელისუფლებამ იმამოღლუ გასულ კვირას დააკავა, რის შემდეგაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, რომელსაც სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს, იმამოღლუსა და მის გარემოცვას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობას, გამოძალვას, ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავებიან.
იმამოღლუს მხარდამჭერები მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და თურქეთის მთავრობის მიერ ოპოზიციაზე ზეწოლის ნაწილად აღიქვამენ. მათი აზრით, ეს ქმედება მიზნად ისახავს პრეზიდენტ ერდოღანის ყველა შესაძლო კონკურენტის ჩამოშორებას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.