logo
ENG



ნობელიანტი მწერალი, ორჰან ფამუქი თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

28 მარ 202512:25
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/28/xdwz193bjkfdj37.jpg

თურქეთში მიმდინარე პროცესებს ნობელიანტი მწერალი, ორჰან ფამუქი სტატიით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს მიმართ წამოყენებული ბრალდებები აშკარად ყალბია.

მწერალი თავის სტატიაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე, მის კონკურენტ ექრემ იმამოღლუსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საურობს.

"ტაქსიმის მოედანი, ქალაქის ყველაზე დიდი ტურისტული ადგილი და პოლიტიკური პროტესტის ცენტრი, ცარიელია, პოლიციამ შემოზღუდა. სტამბოლში 50-წლიანი ცხოვრების განმავლობაში, მე არ მინახავს იმდენი ე.წ. უსაფრთხოების ზომები ქუჩებში, რამდენიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

რეგიონულმა მთავრობამ სტამბოლში მანქანებითა და საქალაქთაშორისო ავტობუსებით გადაადგილება შეზღუდა. პოლიცია შემოსულ მანქანებს ამოწმებს და ვისზეც ეჭვობენ, რომ ქალაქში პროტესტისთვის მიემგზავრება, უკან აბრუნებენ. აქ და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტელევიზიები მუდმივად ჩართულია, რათა ხალხს შეეძლოს თვალყური ადევნოს ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ პოლიტიკურ მოვლენებს. გასული კვირის განმავლობაში სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა აკრძალა საზოგადოებრივი პროტესტი და პოლიტიკური დემონსტრაციები - კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები. მაინც, სპონტანური, უნებართვო პროტესტი და პოლიციასთან შეტაკებები უცვლელად გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტთან წვდომა შეიზღუდა შეკრებების თავიდან აცილების მიზნით. პოლიციამ დაუნდობლად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და უამრავი ადამიანი დააკავა.

როგორ შეიძლება ხდებოდეს ასეთი აღმაშფოთებელი რამ ქვეყანაში, რომელიც NATO-ს წევრია და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დაკავებულია დონალდ ტრამპით, პალესტინასა და ისრაელს, უკრაინასა და რუსეთს შორის ომებით, თურქული დემოკრატია ახლა უკვე არსებობისთვის იბრძვის.

ხელისუფლების მომხრე ან მოწინააღმდეგე ხალხი ახლა დიდწილად თანხმდება ერთ საკითხზე - ერდოღანი იმამოღლუს პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევს და მისი მოშორება სურს.

იმამოღლუმ სტამბოლის მერის ბოლო სამ არჩევნებში მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე ერდოღანის პარტიამ. როდესაც იმამოღლუმ დაამარცხა პარტიის კანდიდატი 2019 წლის აპრილის არჩევნებში, ერდოღანმა შედეგი ტექნიკური დარღვევების საბაბით გაუუქმა.

ორი თვის შემდეგ ხელახალი არჩევნები ჩატარდა, სადაც იმამოღლუმ კვლავ მოიგო. უფრო მეტიც, მას ხმები მოემატა. 2024 წლის ადგილობრივი არჩევნების მორიგ ტურში, 5-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმამოღლუმ კიდევ ერთხელ დაამარცხა ერდოღანის პარტიის კანდიდატი და მესამედ აირჩიეს სტამბოლის მერად. იმამოღლუს საარჩევნო გამოცდილებამ და მისმა მზარდმა პოპულარულობამ ის მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად აქცია, რომელსაც შეუძლია წარმატებით დაუპირისპირდეს ერდოღანს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ამ ყველაფრის მეორე მხარე ის არის, რომ ერდოღანი, როგორც ჩანს, თავის მოწინააღმდეგესთან, ექრემ იმამოღლუსთან იგივეს აკეთებს, რაც მას 27 წლის წინ დაემართა. 1998 წელს, როდესაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლის პოპულარული და წარმატებული არჩეული მერი იყო, სეკულარულმა ელიტამ და ჯარმა, რომელსაც მისი პოლიტიკური ისლამიზმი საშიშად მიაჩნდა, სასამართლოში მიიყვანა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერდოღანი სტამბოლის მერის თანამდებობიდან გადააყენეს და ციხეში ოთხი თვე გაატარა. მაგრამ მისმა პატიმრობამ და არსებულ წესრიგთან ბრძოლამ, მის პოლიტიკურ პოპულარობას ხელი შეუწყო და პირველი რთული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა პოპულარული პოლიტიკოსობისკენ.

პოლიტიკური ოპონენტების ტერორისტებად მოხსენიება არის ტენდენცია, რომელიც ერდოღანის მთავრობამ 2016 წლის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ შეიძინა. 

ერდოღანის მიერ მართულმა სასამართლომ ახლა ექრემ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა, მაგრამ „ტერორიზმის“ ბრალდება არ წაუყენებია. ასეთი ბრალდება პრეზიდენტ ერდოღანს საშუალებას მისცემდა დაეყენებინა თავისი სასურველი კანდიდატი სტამბოლის მერის ამპლუაში - თანამდებობა, რომელიც მისმა პარტიამ ვერ მოიგო ზედიზედ მესამე არჩევნები - და ამგვარად, ზოგიერთი შიშობს, რომ შეძლებდა ქალაქის გადასახადების გაუთავებელი ნაკადის გადამისამართებას საკუთარი პარტიის საჯარო და პროპაგანდისტულ საქმიანობაში.

იმამოღლუს ციხეში ყოფნისას ერდოღანი უბრალოდ გვერდით უფრო პოპულარულ პოლიტიკურ კონკურენტს არ იტოვებს - ის, ასევე ცდილობს დაიბრუნოს რესურსების სიმდიდრე, რომელსაც შვიდი წლის განმავლობაში ვერ შეეხო.

წარმატების შემთხვევაში, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ ერდოღანისა და მისი კანდიდატების სახეები იქნება შელესილი ქალაქის კედლებზე.

ეს გასაკვირი არ არის მათთვის, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს თურქეთის პოლიტიკას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თურქეთში ნამდვილი დემოკრატია არ ყოფილა - - მხოლოდ საარჩევნო დემოკრატია, სადაც შეგიძლიათ ხმა მისცეთ სასურველ კანდიდატს, მაგრამ არ გაქვთ სიტყვის ან აზრის თავისუფლება.

არავინ საუბრობს მრავალ ჟურნალისტსა და საჯარო მოხელეზე, რომლებიც თვითნებურად დააპატიმრეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ახლა, ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის დაკავებით - კანდიდატის, რომელიც არჩევნების შემდეგ ტურში ხმების უმრავლესობას მოიპოვებდა - დემოკრატიის ეს შეზღუდული ფორმაც კი დასასრულს უახლოვდება. ეს მიუღებელი და შემაშფოთებელია, ამიტომაც სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება  საპროტესტო აქციებს. ამ დროისთვის, ვერავინ იწინასწარმეტყველებს რა იქნება შემდეგში", - წერს ორჰან ფამუქი თავის სტატიაში.


close დახურვა