
გერმანიაში ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირმა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება, რომელიც 140-ზე მეტ გვერდს მოიცავს და სათაურად "პასუხიმგებლობა გერმანიისთვის" ატარებს, ოფიციალურად ბერლინში, პაულ-ლიობეს სახლში წარადგინეს.
"ჩვენს ხელთ არის მძლავრი გეგმა, რომლითაც ერთობლივად წავიყვანთ ქვეყანას წინ," — განაცხადა CDU-ს ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა. მისი თქმით, შეთანხმება არის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი, ხოლო გერმანია იღებს "საქმიან და ძლიერ მოქმედ მთავრობის".
მიგრაცია, ეკონომიკა და თავდაცვა – მთავარი რეფორმები
კოალიციური შეთანხმების მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მიგრაციის, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებს. მიგრაციის მიმართულებით, გათვალისწინებულია "დაბრუნების კამპანია" და ფედერალური მთავრობის ნებაყოფლობითი მიღების პროგრამების ეტაპობრივი შეწყვეტა. ასევე, გაუქმდება "ტურბო-ნატურალიზაციის" წესი, რომელიც მოქალაქეობის მიღებას 3 წელიწადში ითვალისწინებდა.
მინისტრთა პორტფელების განაწილება და მერცის შესაძლო კანცლერობა
SPD-ს ექნება შვიდი სამინისტროს მართვა, მათ შორის ფინანსებისა და თავდაცვის. CDU კი ექვს პოსტს მიიღებს, დამატებით ორ პოზიციასთან ერთად კანცლერის ოფისში. საგარეო საქმეთა სამინისტრო, პირველად თითქმის 60 წლის შემდეგ, კვლავ CDU-ს ჩააბარებენ. CSU-ს კი შიდა საქმეთა სამინისტროს ჩათვლით, სამი სამინისტრო ერგება.
შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭიროა CDU-ს, CSU-სა და SPD-ს პარტიული დამტკიცება. SPD კენჭისყრას წევრებს შორის ჩაატარებს, CDU კი მცირე პარტიულ ყრილობას გამართავს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, CDU-ს ლიდერი ფრიდრიხ მერცი მაისის დასაწყისში შესაძლოა გერმანიის კანცლერად აირჩიონ.
ეკონომიკური და კლიმატური პოლიტიკის გაძლიერება
გარე ფაქტორებმა, მათ შორის აშშ-ის ტარიფურმა პოლიტიკამ და თავდაცვაზე ხარჯების გაზრდის მოწოდებებმა, მოლაპარაკებებზე დამატებითი ზეწოლა მოახდინა. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკის რეცესიის რისკი მატულობს. საპასუხოდ, მერცის გეგმაში შედის გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიის შემცირება და ენერგიის ფასების კლება.
პარტიებმა ასევე შეათანხმეს ბიუჯეტის წესების საკონსტიტუციო რეფორმა, რაც საშუალებას მისცემს ფედერალურ მთავრობას 500 მილიარდი ევრო ინფრასტრუქტურასა და კლიმატურ ინვესტიციებში მიმართოს. მწვანეებთან მიღწეული შეთანხმებით, 100 მილიარდი ევრო დაემატება კლიმატისა და ტრანსფორმაციის ფონდს, ხოლო კლიმატნეიტრალურობის მიზანი 2045 წლამდე კონსტიტუციაში ჩაიწერება.