
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის მიმართ მკაცრ სავაჭრო პოლიტიკას დაუბრუნდა. მისი განცხადებით, ჩინეთის მიერ "მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის" გამო, აშშ ტარიფებს 125%-მდე ზრდის, რაც ძალაში დაუყოვნებლივ შევა.
ტრამპი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გააგებინებს ჩინეთს, რომ "აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ძარცვის დღეები დასრულდა და აღარ არის მისაღები".
სხვა ქვეყნებთან მიმართებით კი ტრამპმა შერბილებული პოზიცია დააანონსა. მისი თქმით, 90-დღიან პაუზას აცხადებს და ამ დროის განმავლობაში ტარიფი 10%-მდე მცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება იმ 75-ზე მეტ ქვეყანას, რომლებმაც აშშ-ს წარმომადგენლებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებები შესთავაზეს და ტრამპის თქმით, არ გადაუდგამთ საპასუხო ნაბიჯები აშშ-ის წინააღმდეგ.
"იმ უპატივცემულობის გამო, რაც ჩინეთმა მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოავლინა, ამ წუთიდანვე ვზრდი ტარიფს, რომელსაც აშშ აწესებს ჩინეთზე — 125%-მდე.
იმედია, რაღაც მომენტში, და მჯერა, რომ ახლო მომავალში, ჩინეთი გააცნობიერებს, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძარცვის დღეები აღარ არის არც მისაღები და არც სიცოცხლისუნარიანი.
მეორეს მხრივ, და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ აშშ-ის წარმომადგენლებს — მათ შორის ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლობას — მიმართა, რათა მოლაპარაკებები გამართონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, სავაჭრო ბარიერები, ტარიფები, ვალუტის მანიპულაცია და არამონეტარული ტარიფები, და ამ ქვეყნებმა — ჩემი მკაცრი რჩევის გათვალისწინებით — არ გადადგეს საპასუხო ნაბიჯები აშშ-ის წინააღმდეგ, ვაცხადებ 90-დღიან პაუზას და ამ პერიოდის განმავლობაში ვაწესებ მნიშვნელოვნად შემცირებულ რეციპროკულ ტარიფს 10%–ის ოდენობით, რაც ასევე დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
გმადლობთ ყურადღებისთვის!", - წერს ტრამპი.