ნინო დათაშვილმა 4-თვიანი ტყვეობის შემდეგ საპატიმრო დატოვა
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მასწავლებელ ნინო დათაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
"ჩემი გადარჩენაა დღეს აქედან გაშვება, მადლობა ციხის ადმინისტრაციას, ექიმებს, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი ჯანმრთელობის გადასარჩენად, მაგრამ გაუარესდა", — თქვა ნინო დათაშვილმა პროცესზე.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
