"ოცნების" სასამართლომ 71 წლის აზა ჩილაჩავას რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, 1-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობა დაიწყო დაკავების მომენტიდან, 2 ნოემბრის 21:56 საათიდან. შესაბამისად, ჩილაჩავა დაკავების იზოლატორს, დაახლოებით, 2 საათში დატოვებს.
"ხვალ რომ გავიდე, ხომ ვიცი, რომ სისხლის სამართლით გამიშვებთ, მაგრამ მაინც დავდგები, ბოლომდე ვიბრძოლებ.
ორი კვირა იქნება, თუ ერთი, ხომ მოვიხდი სასჯელს, გავალა რუსთაველზე, ბოლომდე ახალგაზრდებო! მე არ მინდა რუსეთი... დროშა არ შემატანინეს წუხელ [იზოლატორში]. ვიბრძოლებ ბოლომდე!
სისხლის სამართლით ხომ მეკუთვნის მერე [დაკავება], გავალ... არ შევშინდებ! მე ჩემი პროტესტი გამაჩნია. რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში, მე ვერ ავიტან, შევაკვდები იმ ავტომანქანებს და არ გავჩერდები. აქედან რომ გავალ, წავალ სისხლის სამართალზე, ესაა ჩემი პროტესტი. სწორია, რასაც იძახის, მე გავდივარ პირველი. ერთი რომ დარჩეს ბებო, მე იქ ვიდგები. რად უნდა ამას მტკიცებულება, მე თანახმა ვარ", - თქვა მან სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, 71 წლის აზა ჩილაჩავა "ოცნების" პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გუშინ დააკავა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მან მშრალი შიმშილობა დაიწყო.
