logo
ENG



12 ინფიცირებული და 140 კარანტინში მყოფი პაციენტი - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

07 მარ 202019:39
3 წუთის საკითხავი
 
310jglc4elf0ghg.jpg

COVID 19-ის დადასტურებული 12 შემთხვევა და კარანტინის რეჟიმში მყოფი 140 ადამიანი - ასეთია ახალი კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი საქართველოიში.

ინფიცირებულთა და რისკჯგუფში მყოფ პირთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა, რომელთაც დიდ ნაწილს შეხება ჰქონდა იტალიასთან და ირანთან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 42 პაციენტი. 

ქვეყანაში იყო მოქალაქეთა მხრიდან თვითიზოლაციის პირობების დარღვევის რამდენიმე შემთხვევაც - რიგ შემთხვევებში კი, საპატრულო პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო, ვინაიდან მოქალაქეები ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, ტოვებენ საცხოვრებელ სახლებს და ქმნიან ვირუსის გავრცელების რისკს.

33 პაციენტია მოთავსებული რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში - ექიმების გადაწყვეტილებით კარანტინში მყოფ 2 პირს, კორონავირუსზე დამატებითი ტესტი ჩაუტარდება, ვინაიდან მათ ტემპერატურის მატება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ.  

სავარაუდოდ, უფლებამოსილება შეუჩერდება იმ ექიმს, რომელიც იტალიიდან დაბრუნების შემდგომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა - რამაც ვირუსის ადგილობრივი გადადება გამოიწვია. როგორც ირკვევა, მას შეხება 50 ადამიანთან ჰქონდა, აქედან ერთს, ნიკა გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თავად ნიკა გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ვირუსის დაზუსტებამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, პირველივე სიმპტომების შემდგომ კი სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა.

სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, ექიმები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით - ევროპის მიმართულებით. ინფიცირებულთა რაოდენობის მოსალოდნელი მატებიდან გამომდინარე, შესაძლოა სასწავლო პროცესის განახლების პერიოდმა კიდევ უფრო გადაიწიოს.


close დახურვა