18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 36 პირის საქმის განხილვა პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 12 ბრალდებულიდან 10 პირს რამდენიმე დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ერთს ფულადი ჯარიმა. ერთ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობას, ლუკა ჭიჭინაძეს მოსამართლემ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა გიორგი ბუნტურსაც. ელგუჯა ბაგრატიონს პატიმრობაში 12 დღის გატარება მოუწევს. 13 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება ბექა ბასიალია, ზუკა ბერძენიშვილს კი 7 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა გურამ მჭედლიშვილს.
მომდევნო 6 პირიდან, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ირაკლი ნადირაძეს 13 დღე, დიმიტრი ბიძინაშვილი 13 დღე, პაატა სუსანაშვილი - შენიშვნა (სიტყვიერი გაფრთხილება), ირაკლი კაჭარავა 4 დღე, დავით მჟავანაძეს კი 4 დღით ადმინისტრაციული წესით პატიმრობა მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, სამართალდამცველები ბრალდებულებს ადმინისტრაციული წესდების დარღვევასა და მცირე ხულიგნობას ედავება. დღეს, 15 საათზე სასამართლო პროცესი კვლავ განახლდება.