მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, დღეს ომის გმირებს იხსენებდნენ. იხსენებდნენ მათაც, ვის ოჯახებსაც საფლავებიც არ დარჩათ. იხსენებდნენ მათაც, ვინც საოკუპაციო რეჟიმმა, უკვე ომის დასრულების შემდეგ იმსხვერპლა, დამნაშავები კი დღემდე არ დასჯილან.
არჩილ ტატუნაშვილის მამა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელების მიმართ ფორმალური განაჩენიც არ დამდგარა. საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებზე ხელისუფლებისგან ეფექტურ გამოძიებას ითხოვს მესამე სექტორი და სახალხო დამცველი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ბოლო რვა წელში საოკუპაციო ძალებმა 2 634 პირი უკანონოდ დააკავეს. სუს-ის მონაცემების მიხედვით, 2012 წლიდან დღემდე ოკუპაციის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი.