ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ საგამოძიებო ფილმს "ტყუილ ინფორმაციას" უწოდებს და ტელევიზიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ის ამტკიცებს, რომ "თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია - BBC-ში სტანდარტების დონე ძალიან დაბლაა დასული".
ამასთან, ის ამბობს, რომ "ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული - ამაშია საქმე" და ირწმუნება, რომ BBC-მ ტყუილი სწორედ ამასთან დაკავშირებით იკადრა.
"სამწუხაროდ, BBC, რომელიც იყო თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს, უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო, თუმცა წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება, BBC - საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორითაც ხელმძღვანელობენ ფეიკ ტელევიზიები საქართველოში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით - მარტივი ტყუილი შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, რაც არის სამწუხარო და დასანანი.
ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. როდესაც BBC კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა BBC-მ.
ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში - როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა, დანარჩენზე არც ღირს კომენტარის გაკეთება.
რეალურად, მარტივად, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული... ჯერ ერთი, პირველ რიგში, ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად გეტყვით იმას, თუ რა ტყუილი გაავრცელა BBC-მ", - ამბობს ის.
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
გამოცემა ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა ადგილობრივი ჟურნალისტებს, ექიმებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მანამდე ნათქვამი - წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.
