ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა აკრიტიკებს და "საძაგლობას" უწოდებს BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს, ამბობს, რომ სიუჟეტი არ უნახავს.
"[სუს-ის გამოძიებით] გაეცა პასუხი იმ საძაგლობას, რაც ჩვენ მოვისმინეთ BBC-სგან, რომელ საძაგლობასაც აყვნენ ქართველი მოღალატეები, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოვიყენეთ... ეს არის ზუსტად გებელსისეული პროპაგანდა", - ამბობს ის.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან სუს-ის გამოძებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, გამოიძიონ შემდეგი - "ვინ მოიფიქრა ეს ტყუილი, რატომ მოიფიქრა, ვინ უწყობდა ხელს ამას, ვინ თანამშრომლობდა საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმეში".
კითხვაზე, რა ნივთიერება გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს პროტესტის მონაწილეების დასაშლელად 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის გამოძიება ახსენა, რომელიც მხოლოდ 4-5 დეკემბერს გამოყენებულ ნივთიერებებზე მიუთითებს.
6 ნოემბერს სუს-მა განაცხადა, რომ ამ BBC-ის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დასრულდა - კერძოდ, თქვა, რომ 4-5 დეკემბრის პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენეს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, იგივე ცრემლსადენი გაზი, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რა ნივთიერება გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით.
"როცა გამოიყენეს, რა გამოიყენეს, ეგ გითხრეს, საბოლოო ჯამში. რაც იქნა გამოყენებული, ამაზე იყო საუბარი. თუკი რაიმე საშუალება იყო გამოყენებული, ყველაფერი იყო ნათქვამი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
