logo
ENG



ზელენსკის თქმით, მზადაა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად

10 დეკ 202509:58
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/10/rfo781yvukyzrt5.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თუ საერთაშორისო პარტნიორები ხმის მიცემის დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

კერძოდ, იგი გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საარჩევნო კანონებში ცვლილებებს საომარი მდგომარეობის დროს და ელოდება პარლამენტის წინადადებებს.

კითხვაზე, ახდენდა თუ არა შეერთებული შტატები ზეწოლას უკრაინაზე არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, ზელენსკიმ დასძინა, რომ ეს არა რომელიმე სახელმწიფოზე, არამედ უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული

"მე არ განმიხილავს ეს საკითხი. უკრაინაში არჩევნების საკითხი, ვფიქრობ, პირველ რიგში ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული და ეს უკრაინის ხალხის საქმეა და არა სხვა სახელმწიფოების ხალხის. სრული პატივისცემით ჩვენი პარტნიორების მიმართ.

გულახდილად ვიტყვი, რომ მზად ვარ არჩევნებისთვის...

არჩევნების ჩასატარებლად ორი საკითხია მოსაგვარებელი – პირველი, უსაფრთხოება: როგორ უნდა გაკეთდეს ეს დარტყმების, რაკეტების პირობებში, რა ვითარება იქნება ჩვენს სამხედროებთან მიმართებაში, როგორ მისცემენ ხმას. მეორე, საკანონმდებლო საფუძველი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობისთვის. და დიახ, ვინაიდან ეს საკითხი წამოიჭრა აშშ-ის პრეზიდენტის, ჩვენი პარტნიორების მიერ, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: ნახეთ, მე მზად ვარ არჩევნებისთვის.

უფრო მეტიც, ახლა ვთხოვ აშშ-ს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, თუ მათ სურთ, დაეხმარონ არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მაშინ უკრაინა მზად იქნება არჩევნების ჩასატარებლად მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში. პირადად მე მაქვს ამისთვის ნება და მზადყოფნა.

ვთხოვ დეპუტატებს ჩვენი ფრაქციიდან და ყველა პარლამენტარს, მოამზადონ საკანონმდებლო წინადადებები საკანონმდებლო ჩარჩოში და საარჩევნო კანონში შესაძლო ცვლილებების შესახებ საომარი მდგომარეობის დროს.

ხვალ უკრაინაში დავბრუნდები, ველოდები წინადადებებს ჩვენი პარტნიორებისა და დეპუტატებისგან და მზად ვარ, არჩევნებს მივმართო", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ზელენსკიმ არაადეკვატური უწოდა იმ ვარაუდებს, თითქოს ის თანამდებობას ებღაუჭება და ამიტომ გრძელდება ომი უკრაინაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, უკრაინამ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს.


close დახურვა