logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: არაპროტოკოლური განაცხადი - "შიშველი მშვიდობა"

12 დეკ 202522:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/12/yoap8y6d9z6fwza.png

ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“- ეს არის წინადადება, ფრაზა, პოზიცია, გზავნილი, რომლის პუტინის თანდასწრებით წარმოსათქმელადაც კობახიძე აშხაბადში ჩავიდა. დააკვირდით ამ ფრაზის შინაარსს - ოკუპაცია როგორც რეალობა - გაგახსენდეთ კრემლის და ლავროვის უწყების საქართველოსთნ დაკავშირებით მანტრასავით განმეორებადი მოწოდებები - ,,შეეგუეთ ახალ რეალობას“ და იქვე "საქართველო მშვიდობას... ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“. ანუ არანაირი მინიშნება, რომ ასეთ რეალობას არ შევეგუებით, არანაირი ახსნა - რატომ ვერ დაისადგურებს გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, არამედ, "გზისტენციალურ,“ ანუ საარსებო პრიორიტეტად არა ტერიტორიული მთლიანობის თუნდაც მშვიდობიანი გზით აღდგენის, არამედ "შიშველი მშვიდობის“ გამოცხადება.

აშხაბადში გადაღებული ერთობლივი ფოტო უბრალო პროტოკოლური კადრი არ არის. ის დღეს ბევრად უფრო ზუსტად გვიჩვენებს, რა სივრცეში ამყოფებს ივანიშვილის მმართველობა საქართველოს - იქ, სადაც ქვეყანა არა თავისუფალ სუბიექტად, არამედ რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილად აღიქმება.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლებას უფლება და ვალდებულებაც აქვს, ესაუბროს სხვადასხვა ქვეყანას - მათ შორის მეზობლებს, არადემოკრატიულ რეჟიმებს და მოწინააღმდეგეებსაც კი. მაგრამ ასეთი დიალოგი ეროვნული ინტერესის დაცვას ემსახურება მხოლოდ მაშინ, როცა ის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების და სუვერენიტეტის მკაფიო სტრატეგიის ნაწილია.

დღევანდელი რეალობა საპირისპიროზე მიგვითითებს: დასავლეთი - შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო - ხელისუფლების რიტორიკაში საფრთხედ არის გამოცხადებული, მაშინ როცა ქვეყანას ძალადობით, შიშითა და საზოგადოების დემორალიზაციით იმ პოლიტიკური სივრცისკენ ექაჩებიან, სადაც თავისუფლება ითრგუნება და კეთილდღეობა მხოლოდ მცირე ელიტების პრივილეგიაა.

აშხაბადის შეხვედრაზე ასეთი რეაქცია არ იქნებოდა ის, რომ დასავლეთთან კონფრონტაციის ფონზე "გლობალური სამხრეთისკენ“ აღებული გეზის ფორმალურ და ვირტუალურ დემონსტრაციას არ წარმოადგენდეს. ეს რეჟიმისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყნის მიერ გაღებული ის მსხვერპლია, რომელსაც საბოლოოდ თავად ქვეყნის სუვერენიტეტი და დასავლური მომავალი ეწირება.

დასავლეთისთვის ომის გამომცხადებელი და მტრის ხახაში თავშერგული რეჟიმის წარმომადგენლის მიერ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის ზეიმი აშხაბადშივე თემურ ლენგის ძეგლის პატივისცემაზე არანაკლებ გულისამრევ ასოციაციებს აღძრავს, მითუმეტეს მაშინ, როცა ამას ქართველების მკვლელ თანამედროვე თემურლენგთან ერთად აკეთებ.


close დახურვა