აშშ გამოთქვამს მზაობას, უკრაინას NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც კონგრესი დაამტკიცებს და იურიდიულად იქნება სავალდებულო.
ინფორმაციას ამის შესახებ Axios ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გვსურს უკრაინელებს მივცეთ უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ერთი მხრივ, არ იქნება „ცარიელი ჩეკი“, მაგრამ მეორე მხრივ, იქნება საკმარისად ძლიერი. ჩვენ მზად ვართ, ეს კონგრესს გავუგზავნოთ კენჭისყრისთვის.
ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავისი ტერიტორიის 80%-ზე, მიიღებს ყველაზე დიდ და ძლიერ უსაფრთხოების გარანტიას, რაც კი ოდესმე ჰქონია და მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან კეთილდღეობის პაკეტს“ — თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლის მიხედვით, ერთ წევრზე თავდასხმა ითვლება თავდასხმად ყველა წევრზე და ავალდებულებს დანარჩენ წევრებს, გაუწიონ დახმარება თავდასხმის ობიექტს, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებით.
