უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების შესახებ განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვემზადებით მომდევნო დღეებში ამერიკულ მხარესთან და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან დაგეგმილი შეხვედრებისთვის. ბერლინში ბევრი ღონისძიება გაიმართება.
გვექნება რუსტემ უმეროვისა და ჩვენი მოლაპარაკების ჯგუფის ანგარიში იმ შეხვედრების შესახებ, რომლებიც უკვე გაიმართა. გენერალი ჰნატოვი და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები იმუშავებენ უკრაინისთვის, უკრაინელებისთვის უსაფრთხოების გარანტიების დეტალებზე.
ამასობაში, უკრაინელ ოფიციალურ პირებს, ამერიკასა და ევროპას შორის მიმდინარეობს დისკუსიები ომის შემდგომ უკრაინის რეალურ აღდგენასა და განვითარებაზე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მექნება შეხვედრები პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან, ასევე შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ბევრ ლიდერთან მშვიდობის საფუძვლის – ომის დასრულების პოლიტიკური შეთანხმების – თაობაზე.“
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს ახლა ომის დასრულების მნიშვნელოვანი შანსი აქვს.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ უკრაინისთვის მშვიდობა იყოს ღირსეული. რომ არსებობდეს გარანტია, პირველ რიგში, გარანტია იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში მესამე ინტერვენციით არ დაბრუნდება. მადლობა ყველა პარტნიორს, რომელიც გვეხმარება – ვინც ეხმარება უკრაინას. მომდევნო დღეებში ბერლინში ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად და კონსტრუქციულად ვიმუშავებთ ყველასთან, ვისაც შეუძლია, რომ შეთანხმება რეალურად აამოქმედოს,“ – განაცხადა მან.
