რუსეთში კვლავ აქებენ ქართული ოცნების მთავრობას და საქართველოსთან ურთიერთობის "ნორმალიზებაზე" საუბრობენ.
ამაზე რუსულ სამთავრობო და პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამაენტის დირექტორმა მიხეილ კალუგინმა ისაუბრა.
კერძოდ, მან ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების "ნორმალიზებით", იმ პირობით, რომ საქართველო არ იქცევა რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში "ვაჭრობის საგნად".
მან კვლავ შეაქო ქართული ოცნების მთავრობა და თქვა, რომ თბილისი ავლენს "ჯანმრთელ პრაგმატიზმს". ასევე, გაიმეორა კრემლის რიტორიკა, რომ დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში "დესტრუქციული ძალისხმევა გაააქტიურა".
"საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობისკენ ვისწრაფვით. თბილისი ჯანმრთელი პრაგმატიზმის, საგარეო საქმიანობაში მრავალვექტორულების ტენდენციას ავლენს. საქართველო არ შეუერთდა სანქციების ანტირუსულ კოალიციას და უარყო რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნის უგუნური სცენარი, რომელიც მას გარედან თავს ახვევდნენ", - თქვა მან.
მიხეილ კალუგინმა ინტერვიუში ისაუბრა საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ კავშირებზეც და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, არსებობს - "აქტიური [ეკონომიკური] კავშირი, რომელიც ხელშესახებ სარგებელს იძლევა".
