"ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას ამტკიცებს, რომ დიფ სთეითს ჯერაც აქვს გავლენა აშშ-ზე, ხოლო ახლა "აშკარად ჩანს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ე.წ. დიფ სთეითს შორის".
იგი ასევე იმეორებს ბრალდებებს ევროკავშირის მიმართ და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოსა და უკრაინის ომის "მსხვერპლი" ევროკავშირი იყო, რადგანაც, მისი მტკცებით, ამ პროცესებმა გამოიწვია ევროპის ეკონომიკის ვარდნა, "იდენტობის დაკარგვა" და პრობლემები ინდუსტრიაში.
კობახიძე ირწმუნება, "თუ დიფ სთეითი გაიმარჯვებს, ევროკავშირის უკუსვლის პროცესი იქნება შეუქცევადი."
"აქ მთავარი არ არის აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები, მთავარია, რა აინტერესებთ არაფორმალურ ძალებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ის, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება, ამ შემთხვევაში, ამერიკული დოკუმენტების ჩანაწერებიდან. არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ომის, მათ შორის ბოლო ომების და ბოლო ომის მთავარი მსხვერპლი მსოფლიოს დიდ სუბიექტებს შორის, რა თქმა უნდა, იყო ევროკავშირი. მათ შორის, ყველაზე დიდი ზიანი მიიღო უკრაინამ, უკრაინის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ დიდ მოთამაშეებს შორის, ყველაზე მსხვილ მოთამაშეებს შორის, მთავარი მსხვერპლი ამ ომისა იყო ევროკავშირი. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ეკონომიკა, ის უმძიმესი ეკონომიკური ზიანი, რომელიც მიიღო ევროკავშირმა და ეს ზიანი დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც თანდათან მოხდა ევროკავშირისა და რუსეთის დაშორიშორება. ამით ევროკავშირმა თანდათან დაკარგა წვდომა რუსულ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის და მთლიანად ევროპის ეკონომიკის განვითარებისთვის. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებმა დაკარგეს წვდომა იაფ, რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. ეს იყო მთავარი მიზანი, ჩვენი აზრით, იმ ომის, რომელიც დაიწყო, საბოლოო ჯამში, ჯერ 2008 წელს საქართველოში, შემდეგ ორი ომი იყო უკრაინაში. მთავარი მსხვერპლი იყო ევროპა და ევროკავშირი. შედეგები არის სახეზე – ეკონომიკა ჩამოვიდა 30 %-დან 17.5 %-მდე, დაკარგეს იდენტობა, არის მძიმე პრობლემები ინდუსტრიაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ევროკავშირი არის მთავარი მსხვერპლი.
რასაც ვკითხულობთ ჩვენ იმ დოკუმენტიდან, რომელიც გამოქვეყნდა, შეიძლება აღვიქვათ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ვიღაცას ბოლომდე აქვს მისაყვანი ეს საქმე, რასაც ჰქვია ევროკავშირის საბოლოო დასუსტება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. აშშ-ში აშკარად ჩანს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ე.წ. დიფ სთეითს შორის, ანუ არაფორმალურ ძალებს შორის, რომელთაც აქვთ გავლენა ჯერ კიდევ აშშ-ზე და აქვთ არსებითი, გადამწყვეტი გავლენა ევროკავშირზე. მთავარი იქნება, რით დასრულდება ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და არაფორმალურ ძალებს შორის. არაფორმალური ძალები საბოლოოდ თუ გაიმარჯვებენ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის უკუსვლის პროცესი იქნება შეუქცევადი. ტრამპის ადმინისტრაცია თუ გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მეტი შანსი აქვს ევროკავშირს, რომ გაიძლიეროს პოზიციები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესებს", - აცხადებს კობახიძე.
