logo
ENG



ოცნებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია გააუქმა

17 დეკ 202517:27
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/17/smujx27j2k939bm.png

"ოცნების" პარლამენტმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებისა და ადმინისტრაციის ლიკვიდაციის ინიციატივა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. გადაწყვეტილება 83 ხმით, ერთხმად მიიღეს.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად ცხადდება ორი კანონი: „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“.

კანონპროექტის მიხედვით, დროებითი ადმინისტრაცია 2026 წლის 1 იანვრიდან იქნება ლიკვიდირებული.

საკანონმდებლო პაკეტის მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი საშუალებას იძლევა დასრულდეს წარსულში გატარებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც, დეპუტატის შეფასებით, 2005–2008 წლებში და შემდგომაც გრძელდებოდა.

ჭეიშვილის განცხადებით, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნით გაგრძელდა ის პრაქტიკა, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ 1920-იან წლებში ბოლშევიკებმა დაამკვიდრეს. მისივე თქმით, ახალი გადაწყვეტილებით ქვეყანა უბრუნდება იმ სამართლებრივ სტატუს-კვოს, რომელიც 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მისმა ხელმძღვანელმა ზვიად გამსახურდიამ დაადგინა, როდესაც ავტონომიური ოლქი გაუქმდა.


close დახურვა