"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
იგი საბოტაჟის საქმეზე პროცესის ჩანიშვნას, მის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს უკავშირებს, რომელზეც წარადგინეს დოკუმენტაცია აქციების ქიმიური ნივთირების დახმარებით დაშლასთან დაკავშირებით.
"ჩემი აზრით, დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს 3 საათზე ბრიფინგი ჩავატარეთ და გვქონდა დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც გავაგზავნეთ 9 საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სისტემური წამებისა და ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე.
ალბათ ამასთან არის კავშირში, რადგანაც სხვა შემთხვევაში, გირაოს მოთხოვნა თუ უნდოდათ, პარასკევს გამომიშვეს და შეეძლოთ პარასკევს შუადღისით ყოფილიყო სასამართლო პროცესი. ეგ არ გაუკეთებიათ. ისე როგორც დღეს დილიდანაც არაფერი იყო.
დღეს ჩავატარე ბრიფინგი და 5-6 საათი იყო, რეკვა რომ დაიწყეს და თურმე, აქედან რეკავდნენ - პროცესის ჩანიშვნა უნდოდათ. ვნახოთ რა იქნება და აქედან გამომდინარე მივიღებთ მერე გადაწყვეტილებებს", - აცხადებს ჯაფარიძე.
***
ცნობისთვის, 6 ნოემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე.
კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება 19 დეკემბერს, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
იგი "ოცნებამ" ციხეში წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ჩასვა.
