logo
ENG



კობახიძე: EU-ს შანტაჟის ერთადერთი გაცვეთილი ინსტრუმენტი დარჩა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია

22 დეკ 202522:59
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/22/pbhxwt53oy410dm.png

"ოცნების" მთავრობის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ "ერთადერთი გაცვეთილი ინსტრუმენტი" დარჩა - ვიზალიბერალიზაცია.

იგი ირწმუნება, რომ გაერთიანება ამ ინსტრუმენტს არ იყენებს იმის გამო, რომ "ამით ქვეყანაში რევოლუციას ვერ მოაწყობენ."

კობახიძემ დაამატა, რომ საქართველოს მოსახლეობაში ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ნდობა "უმდაბლეს ნიშნულზეა."

"ევროინტეგრაციის საკითხი თავიდან ბოლომდე გამოიყენება მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი და ამიტომ ვუწოდებ მას ევროკავშირის ორპირი ქარის პოლიტიკას. ერთადერთი შანტაჟის ინსტრუმენტი დარჩათ შარშანდელი ნოემბრის შემდეგ, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. მაშინ გახსოვთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მხრიდან, დღის წესრიგიდან იხსნებოდა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, იმავე დროულად ჩვენ დავაზუსტეთ, რომ თუ ისინი ამ ნაბიჯს გადმოდგამდნენ, ნებისმიერ დროს მოვაწერდით ხელს მოლაპარაკების გახსნას, მაგრამ ჩვენ დღის წესრიგიდან მოვხსენით და რატომ გავაკეთეთ ეს, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ.

წარმოიდგინეთ, 3 თვეში ერთხელ ევროპულ ბიუროკრატიას უნდა ეთქვა უარი საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე, მუდმივი ნეგატივი, მუდმივი უარყოფითი და უსამართლო დამოკიდებულება. წარმოიდგინეთ თეორიულად, რომ სამ თვეში ერთხელ გეუბნებიან მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს ასე მოხდებოდა გარანტირებულად იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მივიღეთ 2022 წლის მარტიდან, როდესაც უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოში.

ახლა დარჩა ერთადერთი ინსტრუმენტი შანტაჟის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ინსტრუმენტიც გაცვეთილია. თვითონ რომ ფიქრობდნენ, რომ ეს ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ეფექტური ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებდნენ გარე, არაფორმალური ძალების დავალებით, მაგრამ ხვდებიან, რომ რევოლუციას ამით ვერ მოაწყობენ, ვერ გამოიწვევენ იმ მასშტაბის ვნებათა ღელვას, რომელმაც შეიძლება განაპირობოს ხელისუფლების შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გააკეთებდნენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ რაღაც დოზით პრაგმატულობა და ნაბიჯს არ დგამენ იმის გამო, რომ პოტენციურ ეფექტს ვერ ხედავენ. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ ამით უკვე საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხსაც, ქართველ ხალხს ისედაც აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ნდობა არის უმდაბლეს ნიშნულზე", - აცხადებს კობახიძე.


close დახურვა