კახა კალაძე ამტკიცებს, რომ თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორის, კახა გვანცელაძის დანაშაულებრივ სქემებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია.
"[საქმის კურსში] არ ვყოფილვართ, რომ ვყოფილიყავით, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება.
ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ... მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები, 30 000-მდე თანამშრომელი
ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია, რაიმე კანონდარღვევა იყო ტენდერის ჩატარების პროცესში...
არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ჩემი დანიშნული იყოს, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხი, თუ დანაშაული აქვს ჩადენილი.
მე რომ მერიაში მივედი კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი? მე არ მყავს კადრები. როდესაც ადამიანებს ვნიშნავ სხვადასხვა თანამდებობებზე, გამოვდივარ მათი საქმიანობის შეფასებით, პროფესიონალიზმით და ა.შ. მე როდესაც გავხდი 2017 წელს დედაქალის მერიმ კახა გვანცელაძე მუშაობდა მუნიციპალიტეტის რომელიღაც სამსახურში", - განაცხადა კალაძემ.
ცნობილია, რომ გვანცელაძეს ბრალდება გუშინ დაუსწრებლად წარედგინა.
"გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს - თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს, ე.წ. „ატკატებს“, იღებდა. ლილუაშვილს გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძის ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ", - განაცხადეს პროკურატურაში.
