უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან განხილული მშვიდობის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის აღდგენას ეხება და 700-800 მილიარდი დოლარის მოზიდვას ითვალისწინებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა „უკრაინის კეთილდღეობის საგზაო რუკაზე“ 2040 წლამდე, რომელიც ასახავს უკრაინისა და შეერთებული შტატების საერთო ხედვას.
„მთავარი ასპექტები და მიმართულებები ჩვენს ეროვნულ მიზნებს უკავშირდება. ეს მოიცავს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ლტოლვილების დაბრუნებას, მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე და ახალ სამუშაო ადგილებს. ეს ასევე მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, ბაზრებზე წვდომას და ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიზნები და სტრატეგიები...
ჩვენი შეფასებით, აღდგენისთვის დაახლოებით 700-800 მილიარდი აშშ დოლარი გვჭირდება. არსებობს სტრატეგია უფრო დიდი თანხისთვისაც, მაგრამ ამაზე დეტალურად საუბარი ჯერჯერობით არ მსურს", - თქვა მან.
ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები ამ გეგმების განსახორციელებლად რამდენიმე ფონდის შექმნას განიხილავენ.
„შეიქმნება უკრაინის აღდგენის ფონდი, უკრაინის სუვერენული საინვესტიციო პლატფორმა, უკრაინის განვითარების ფონდი, უკრაინის ზრდისა და შესაძლებლობების ფონდი. ჩვენ ასევე ვგეგმავთ აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას. სამუშაო ჯგუფები ასევე განიხილავენ ადამიანური კაპიტალის ფონდს და ლტოლვილთა დაბრუნების მხარდაჭერას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
