შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1965 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებული მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის გაყვანის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც რკინის მილი 1958 წელს დაბადებულ რ.მ.-ს დაეცა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ზ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
