დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრმა ფილ ბრიკელმა 8 იანვრის სხდომაზე საქართველოს საკითხზე ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით გამოვიდა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი მანამდეც არაერთხელ დააყენეს.
ფილ ბრიკელმა, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრია, თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებული უნდა იყოს მაგნიტსკის აქტით, გლობალური ანტიკორუფციული რეჟიმით და ხაზი გაუსვა, რომ მისი ამ დრომდე სანქციების მიღმა ყოფნა - "ცუდ სიგნალს უგზავნის სხვა კლეპტოკრატებსაც მსოფლიოში".
"ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის გამო, ეფექტური სანქციების რეჟიმის დაწესება რეალურად აჩვენებს, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორ ერი, სინამდვილეში. ერი, რომელიც დგას კანონის უზენაესობის მხარეს, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს. დავიწყოთ საუბარი საქართველოთი, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ევროპას უნდა უახლოვდებოდეს და არა უკან იხევდეს ავტორიტარიზმში, მოსკოვის სასარგებლოდ.
მთავრობის ყველა შტო და სახელმწიფო უწყებები მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს და პარტია ქართულ ოცნებას. სამოქალაქო საზოგადოებას ებრძვიან, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანში ჰყავს ამოღებული უცხოური გავლენის აგენტების კანონით, რომელიც კრემლის სახელმძღვანელოდან მოდის. მშვიდობიანი დემონსტრანტები კი ყოველთვის ეჩეხებიან ძალადობას.
დიდ ბრიტანეთს დაწესებული აქვს სანქციები ზოგიერთი პირისთვის, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტებსა და პროტესტის მონაწილეებზე ძალადობაში, რაც მისასალმებელია, თუმცა მინისტრმა იცის, რომ ჩემი აზრით, ეს საკმარისი არ არის. დიდმა ბრიტანეთმა შეცდომა დაუშვა, როცა მათ არ დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი. ის დასანქცირებული უნდა იყოს მაგნიტსკის აქტით, გლობალური ანტიკორუფციული რეჟიმით. ბიძინა ივანიშვილის ამ დრომდე სანქციების მიღმა ყოფნა ცუდ სიგნალს უგზავნის სხვა კლეპტოკრატებსაც მსოფლიოში", - თქვა მან.
გარდა ანტიდასავლური და რეპრესიული პოლიტიკისა, ფილ ბრიკერმა ლონდონში სახელმწიფო მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით დაინტერესების კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითა და ეს არის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
საყურადღებოა, რომ გასული წლის ოქტომბერში ყულევის გადამამუშავებელმა ქარხანამ რუსნეფტის ნავთობი მიიღო, რომელიც მოგვიანებით, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა, როგორც კომპანია, რომელიც კრემლს უკრაინაში ომის წარმოებასა და ამ ომის დაფინანსებაში ეხმარება.
""დღეს დილით გავიგე, რომ ქართულმა ოცნებამ გაზარდა სახელმწიფო დაფინანსება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის, რომელსაც, როგორც Reuters იუწყება, გასული წლის ოქტომბერში რუსული ნავთობის პირველი პარტია მიეწოდა. თავად ეს ქარხანა დაკავშირებულია ვლადიმერ ალექსეევთან, რუსეთის გრუ-ს (GRU) უფროსის პირველ მოადგილესთან. ეს შეიძლება იყოს სანქციების გვერდის ავლის აშკარა მცდელობა და ვიმედოვნებ, ეს დაემატება ბიძინა ივანიშვილის საქმის მასალას", - თქვა ბრიტანელმა დეპუტატმა.
