უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ ნავთობის საბურღ პლატფორმებს დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“, კუთვნილ სამ საბურღ პლატფორმაზე - „ვ. ფილანოვსკი“, „იური კორჩაგინი“ და „ვალერი გრაიფერი“. გენშტაბის განმარტებით, აღნიშნული ობიექტები ნავთობისა და გაზის მოპოვების პარალელურად რუსეთის არმიას უკრაინის წინააღმდეგ ომში ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევენ.
„დაფიქსირდა პირდაპირი დარტყმები. ზიანის მასშტაბი ამ ეტაპზე ზუსტდება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს რუსული Buk-M3 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა რუსეთის 49-ე გაერთიანებული არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საწყობზე, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნოვოტროიცკეს დასახლების სიახლოვეს.
აღნიშნული არმიული გაერთიანება რუსეთის მთავარი სამხედრო ძალაა რეგიონში.
