ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული, სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის, მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი. იგი დაეთანხმა წარდგენილ პირობებს და შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.
საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი მოწმის ჩვენება, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს მე ვერ დაგისახელებთ", - განაცხადა თათიაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ქართული ოცნების ყოფილ პრემიერს 5 წლის თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა.
