კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაში მედიატორის როლს ასრულებს, რათა დაძაბულობის სწრაფი დეესკალაცია მოხდეს.
ამასთან ერთად, კრემლმა დაგმო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა ახალი სამხედრო დარტყმების შესახებ.
მოსკოვში ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც პუტინი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს ესაუბრა.
კრემლის ცნობით, ნეთანიაჰუსთან საუბრისას პუტინმა გამოხატა რუსეთის მზადყოფნა, „გააგრძელოს შუამავლობის მცდელობები და ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ დიალოგს ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს მონაწილეობით“. მან ასევე გააცნო თავისი იდეები ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის გაძლიერების შესახებ, თუმცა პუტინის მედიაციის მცდელობის სხვა დეტალები არ სახელდება.
ამის შემდეგ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ფეზეშკიანთან, რომელმაც მას მიაწოდა ინფორმაცია ირანის შიგნით სიტუაციის ნორმალიზებისთვის თეირანის „მუდმივი ძალისხმევის“ შესახებ.
„აღინიშნა, რომ რუსეთი და ირანი ერთსულოვნად და თანმიმდევრულად უჭერენ მხარს ირანის ირგვლივ და მთლიანად რეგიონში დაძაბულობის რაც შეიძლება სწრაფ დეესკალაციას და ნებისმიერი წარმოშობილი საკითხის გადაჭრას ექსკლუზიურად პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით“, — ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლმა ასევე დაამატა, რომ პუტინმა და პეზეშკიანმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებისადმი.
გასულ წელს ისრაელმა და აშშ-მა დაბომბეს ირანის ბირთვული ობიექტები, რასაც ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი ომი მოჰყვა.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ირანთან მჭიდრო კავშირებს ესწრაფვის.
2025 წელს პუტინმა პეზეშკიანთან 20-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის პაქტს მოაწერა ხელი. ამავდროულად, მოსკოვს ისრაელთანაც დიდი ხნის სამუშაო ურთიერთობა აკავშირებს.
