logo
ENG



"შაბათის ფორმულას" გოგა ხაინდრავაზე გასული სიუჟეტის შემდეგ დავით ქაშიაშვილმა მუქარის ჩემცველი მესიჯი მიიღო

17 იან 202623:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/17/dwwmhaypeqkdb8h.png

დღეს "შაბათის ფორმულაში" კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებული სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ფორმულას ჟურნალისტმა, დავით ქაშიაშვილმა მუქარის შემცველი ტექსტი მიიღო.

მოქალაქე ლუკა ხაინდრავა ჟურნალისტს სწერს, რომ "თბილისი პატარა ქალაქია" და აფრთხილებს, რომ "თავს მოუფრთხილდეს."

აღნიშნულ შემთხვევას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

"დღეს, 17 იანვარს, მას შემდეგ, რაც „შაბათის ფორმულაში“ გავიდა რეპორტაჟი კორუფციულ სქემებში რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობის შესახებ, წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა მალევე მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება სოციალური ქსელით მისთვის უცნობი პირისგან.

ამის შესახებ მან თავად განაცხადა შემაჯამებელი, საგამოძიებო გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით შსს-ც ჩააყენა საქმის კურსში.

„შაბათის ფორმულამ“ რამდენიმე კვირის წინაც მოამზადა რეპორტაჟი გოგა ხაინდრავას ქონების შესახებ, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ რეჟისორმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის ტელეკომპანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივლებს.

საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, სადაც ჟურნალისტთა უსაფრთხოება დაცული არ არის, სადაც ძალადობა მათ წინააღმდეგ არათუ დაგმობილი, არამედ, პირიქით, წახალისებულია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისათვის ჟურნალისტის მიმართ გაჟღერებული მუქარის ეს შემთხვევა შემაშფოთებელია. მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ფაქტით, სწრაფად გამოიძიოს ის და, პარალელურად, ჟურნალისტის უსაფრთხოება უზრუნველყოს", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ფორმულას წყაროზე დაყრდნობით "შაბათის ფორმულაში" გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისთტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა.


close დახურვა