სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში აქციების შემზღუდავი კანონმდებლობა გაასაჩივრა.
კერძოდ, ომბუდსმენის აპარატის თანახმად, მან საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.
გარდა ამისა, აპარატი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
***
ქართულმა ოცნებამ 2025 წელს შეკრების ან მანიფესტაციების შესახებ კანონში გამოხატვის შემზღუდავი არაერთი რეპრესიული ცვლილება მიიღო.
ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 16 ოქტომბერს საბოლოოდ დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეთა პროტესტის გამოხატვის ფორმებს.
ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს დაემატა ახალი ნაწილი, რომელიც აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას აწესებს შემდეგ შემთხვევებში:
- სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
- განზრახ დაბრკოლების შექმნა ხალხისა ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
- დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რომელიც პოლიციის მოქმედებას უშლის ხელს;
- ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა, როცა აქციის ჩატარება სხვა ფორმითაც შესაძლებელია.
აღნიშნული ქმედებებისთვის გათვალისწინებულია:
- ადმინისტრაციულ პატიმრობა - 15 დღემდე ვადით;
- ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე ვადით;
- ხოლო იარაღის, ფეთქებადი, ცივი ან საშიში ნივთიერებების ქონისას - უალტერნატივოდ 60 დღემდე პატიმრობა.
სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, იგივე ქმედებების განმეორება ერთ წლის განმავლობაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
სასჯელი განისაზღვრა შემდეგნაირად:
- ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
- არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში - ორ წლამდე;
- არასრულწლოვნის მიერ ჩადენისას - ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან ერთ წლამდე პატიმრობა;
- ორგანიზატორის მიერ ჩადენისას, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია - ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ცვლილებები ასევე ეხება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სამართალდამცველის შეურაცხყოფას შეეხება.
ახალი ნორმით, ამ მუხლის მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და:
- დაისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- არაერთგზის შემთხვევაში - ორ წლამდე;
- არასრულწლოვნის შემთხვევაში - ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან ერთწლამდე პატიმრობით.
