logo
ENG



Human Rights Watch "ოცნების" მთავრობის რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

24 იან 202621:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/24/h5j85hz7bc8njm7.jpg

Human Rights Watch "ოცნების" ხელისუფლების რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით, რომლებითაც პროტესტის გამოხატვა იზღუდება, განცახდებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული ზომები საქართველოში პროტესტის გამოხატვას უფრო რთულსა და სახიფათხოს ხდის.

ორგანიზაცია "ოცნების" პარლამენტს მოუწოდებს, გააუქმოს ან შეცვალოს ის შეზღუდვები, რომლებიც ზღუდავენ მშვიდობიან შეკრებას და კანონი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

"Human Rights Watch აცხადებს რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს საჯარო შეკრებებზე ახლად მიღებულ შეზღუდვებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად და შესავიწროებლად, რაც საქართველოში პროტესტის უფლების რეალიზებას სულ უფრო რთულსა და სახიფათოს ხდის.

2025 წლის 12 დეკემბერს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მიღებული შესწორებები პოლიციას ანიჭებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, შეზღუდოს პროტესტი სავალ ნაწილსა და ფეხით მოსიარულეთა ზონებში, მათ შორის ტროტუარებზე, და დააწესოს მკაცრი სასჯელი დაუმორჩილებლობისთვის. კანონის ძალაში შესვლის დღიდან, პოლიციამ დაიწყო ათეულობით საქმის წარმოება დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის პარლამენტის სიახლოვეს ტროტუარზე უბრალოდ დგომის გამო, რაც აჩენს სერიოზულ შეშფოთებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების დარღვევის შესახებ...

ჰიუმან რაითს ვოჩი დამატებით შეშფოთებულია იმით, რომ რამდენიმე შემთხვევაში მოსამართლეებმა შეწყვიტეს ადმინისტრაციული წარმოება და მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადასცეს იმ მიზეზით, რომ ამ პირებს წარსულშიც ჰქონდათ პროტესტთან დაკავშირებული წესების სავარაუდო დარღვევები, რაც მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს.

საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებები, მათ შორის, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე მხარისა, მოითხოვს ხელისუფლებისგან დაიცვას გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ნებისმიერი შეზღუდვა არა მხოლოდ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი საფუძველი, არამედ უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ეს გარანტიები გამიზნულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებმა შეძლონ საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობა პოლიციის მხრიდან ბოროტად გამოყენების, თვითნებური დაპატიმრებისა თუ არაპროპორციული სანქციების შიშის გარეშე.

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი ასევე ავალდებულებს საქართველოს, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო გარანტიები ნებისმიერი იმ სამართალდარღვევის მიმართ, რომელიც არსობრივად იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაშინაც კი, თუ ხელისუფლება მას შიდა კანონმდებლობით ადმინისტრაციულად აკლასიფიცირებს. ეს ნიშნავს სამართალდარღვევის ბუნების შესწავლას (მათ შორის, არის თუ არა ის მიმართული ზოგადად საზოგადოებისკენ) და პოტენციური სასჯელის სიმკაცრის შეფასებას. ეს სტანდარტი უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლებამ ვერ აარიდოს თავი სამართლიანი სასამართლოს ვალდებულებებს სამართალდარღვევების არასწორი კვალიფიკაციით.

ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია მომიტინგის სამართლიანი სასამართლოსა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები მას შემდეგ, რაც ის 2023 წლის მარტის პროტესტის დროს მხოლოდ პოლიციის დაუდასტურებელი ჩვენების საფუძველზე და პოლიციის ბრძანებების კანონიერების სასამართლო კონტროლის გარეშე გაასამართლეს.

ეს გადაწყვეტილება ადასტურებს სტრუქტურულ ხარვეზებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემაში, რაც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს და შესაძლებელს ხდის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

საქართველოს პარლამენტმა უნდა გააუქმოს ან შეცვალოს ის საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც გაუმართლებლად ზღუდავს მშვიდობიან შეკრებას და კანონი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლოებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ კანონის თვითნებური აღსრულება, უზრუნველყონ, რომ შეკრებებზე ნებისმიერი შეზღუდვა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული, და გარანტირებული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა წარმოებაში", - წერია განცხადებაში.


close დახურვა