"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს, გიორგი ვაშაძეს საბოტაჟის საქმეზე "ოცნების" სასამართლომ 30 000 ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ასევე ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
"თავისთავად თავიდანვე ვთქვი, რომ ბრალიც კი სამართლიანობის ელემენტარულ სტანდარტსაც კი ვერ უძლებს, რადგანაც, ამ მუხლით ადამიანს რამე ქმედებას უნდა ედავებოდე. ჩემი რამე ქმედება მტკიცებულებებში არ დევს - რომ რამე გავაკეთე. ერთი რამ მჯერა მაინც, რომ მიზანი რაც ჩვენ გვაქვს - ვიცხოვროთ ევროკავშირის წევრ, სამართლიან სახელმწიფოში, თავისუფლებისკენ ვისწრაფოთ, არავინ შეგვზღუდოს, ჩვენ ამას მივაღწევთ ...დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერს ვეუბნები: გუშინ შემეძლო წავსულიყავი ქვეყნიდან, ზუსტად ვიცოდი, რომ ზურაბ ჯაფარიძეს პასპორტი რომ ჩამოართვეს, ჩემს მიმართაც იმავეს გამოიყენებდნენ. თავისთავად დაუსაბუთებელია, რატომ ჩამომართვეს პასპორტი. უბრალოდ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ზურა [ჯაფარიძე] და გიორგი ვაშაძე პრესონალურად გავაწამო, გავაწვალო.
აუცილებლად გავასაჩივრებ, იმისთვის, რომ სტრასბურგისთვის საქმე მომზადდეს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, 6 ნოემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე.
კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
გიორგი ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რამდენიმე დღის წინ დატოვა.
იგი "ოცნებამ" ციხეში წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ჩასვა.
