logo
ENG



აი, ფაქტი: საქართველოში შემოსული 19 გემი "ჩრდილოვანი ფლოტის" კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

27 იან 202616:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/27/259q4p9e0w6hl41.jpg

აი, ფაქტი ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს და წერს, რომ 2024-2026 წლებში საქართველოში 19 გემი იმყოფებოდა, რომელიც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

აი, ფაქტი წერს, რომ საქართველოს პორტებში ბათუმში, ფოთსა და ყულევში შემოსულ გემებს 2 თვის განმავლობაში აკვირდებოდა.

"ჩვენმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ რუსეთის პორტებიდან გამოსული ნავთობტანკერები შავი ზღვის ძირითად ნავთობსატრანსპორტო მარშრუტებზე გადაადგილებისას პერიოდულად თიშავენ ავტომატურ საიდენტიფიკაციო სისტემას, აყალბებენ კოორდინატებს და ჩერდებიან სანაპიროდან მოშორებით", - წერს აი, ფაქტი.

რა არის "ჩრდილოვანი ფლოტი" და როგორ მუშაობს ის?

"ჩრდილოვანი ფლოტის" გემები, როგორც წესი, საერთაშორისო ნაოსნობის ინდუსტრიის სტანდარტული მარეგულირებელი ჩარჩოების მიღმა მოქმედებენ. მათ რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი გამოარჩევთ:

  • მოძველებული და სტანდარტებთან შეუსაბამო ხომალდები: ამ გემების უმეტესობა 15+ ასაკისაა; მათ ხშირად არ აქვთ გავლილი ინსპექტირება და სათანადო ტექნიკური მომსახურება.
  • გაუმჭვირვალე მფლობელები: მათ ხშირად ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ფლობენ, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში საბოლოო მესაკუთრის დასამალად.
  • დასავლური დაზღვევის არქონა: ეს გემები ჩვეულებრივ მოქმედებენ სტანდარტული ინდუსტრიული დაზღვევის (P&I კლუბები) გარეშე; ისინი ეყრდნობიან მცირე, არასაიმედო მომწოდებლებს ან საერთოდ დაუზღვევლად ცურავენ.
  • დროშებით მანიპულირება (Flag Hopping): ოპერატორები გემებს ხშირად უცვლიან დროშებს და ირჩევენ ისეთ ქვეყნებს, სადაც სუსტი ზედამხედველობაა (მაგ. გაბონი, ესვატინი ან პანამა), ან იყენებენ ყალბ დროშებს.

"ჩრდილოვანი ფლოტის" ზრდამ საერთაშორისო საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ეკოლოგიური კატასტროფა: მოძველებული, ცუდად მოვლილი და დაუზღვეველი ტანკერების გამოყენება ზრდის ნავთობის მასშტაბური დაღვრის რისკს. ავარიის შემთხვევაში, ხშირად არ არსებობს ფინანსური მექანიზმი ტერიტორიის გასაწმენდად ან ზარალის ასანაზღაურებლად.
  • საზღვაო უსაფრთხოება: თვალთვალის სისტემების გამორთვითა და ყალბი ლოკაციების გადაცემით, ეს გემები საფრთხეს უქმნიან ნავიგაციას და ზრდიან შეჯახების ალბათობას დატვირთულ საზღვაო გზებზე.
  • უსაფრთხოების რისკები: არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთი ჩრდილოვანი გემი ჩართულია ჰიბრიდულ ომში, მათ შორის ჯაშუშობასა თუ იარაღის უკანონო ტრანსპორტირებაში.
  • ეკონომიკური ეროზია: ამ ფლოტის მასშტაბები (რომელიც, სავარაუდოდ, მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის 20%-ს შეადგენს) ძირს უთხრის საერთაშორისო სანქციებისა და ენერგეტიკული რეგულაციების ეფექტურობას.

“აი, ფაქტი“ განმარტავს:

"ჩვენ საქართველოს პორტებს (ბათუმი, ყულევი და ფოთი) და იქ შემოსულ Oil/Chemical Tanker ან Oil Products Tanker-ებს 2025 წლის 27 ნოემბრიდან www.marinetraffic.com-ისა და globalfishingwatch.org-ის დახმარებით რეგულარულ რეჟიმში, ყოველდღიურად ვაკვირდებოდით.

პარალელურად, ვიკვლევდით პორტების ძველ მონაცემებსაც, თუ რომელი ტანკერები შემოდიოდნენ საქართველოს წყლებში. საეჭვოდ მივიჩნევდით და ვინიშნავდით იმ გემებს/ტანკერებს, რომელიც საქართველოში რუსეთიდან ან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოვიდნენ. ვაკვირდებოდით რომელი დროშის ქვეშ ცურავდნენ საეჭვო გემები, სად იყვნენ რეგისტრირებულები, ხომ არ ჰქონდათ სახელი შეცვლილი, ხომ არ თიშავდნენ სანავიგაციო სისტემას, ჰქონდათ თუ არა საერთაშორისო დაზღვევა, რა იყო მათი წინა ისტორია და რომელ პორტებს სტუმრობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციის ვაგროვებდით www.equasis.org-სა და www.vesselfinder.com-ზეც. თუ ხომალდი აკმაყოფილებდა „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ დამახასიათებელი, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ნახევარს მაინც, მას მივიჩნევდით, როგორც ფლოტის ნაწილს”.

აი, ფაქტის ჟურნალისტური გამოძიება - სრულად


close დახურვა