შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით - 2007 წელს დაბადებული ს.ჟ. დააკავეს.
მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ქ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჟ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- ნათქვამია განცხადებაში.
