ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება საქართველოს განათლების სისტემის ისტორიული რეფორმაა.
ის ირწმუნება, რომ ოცნების მთავარი ამოცანა არ არის შენობების გაყიდვა ან გასხვისება, არამედ, მათი "მთავარი მიზანია ხარისხიანი განათლება".
"სინამდვილეში, ყველა ვინც კი კეთილსინდისიერად დაფიქრდება, ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ სასარგებლო არის ორივე უნივერსიტეტისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ გვექნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთიანი უნივერსიტეტი, სადაც ამ მიმართულებების მიხედვით, როგორც ტექნიკური მიმარტულებებით, ისე ჰუმანიტარული მიმართულებებით, გვექნება უმაღლესი დონის განათლება". - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ აკადემიური პერსონალის და სტუდენტების რაოდენობას საფრთხე არ ემუქრება.
"რაც შეეხება სტუდენტებს, მათთვის არაფერი არ იცვლება გარდა იმისა, რომ იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტყეტის სტუდენტები, რა თქმა უნდა, ეს მათთვის, ყველასთვის იქნება უფრო განსაკუთრებით ხაზგასასმელი".- თქვა პაპუაშვილმა.
29 იანვარს, ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ოცნების მიერ დაწყებული განათლების რეფორმის ფარგლებში თქვა, რომ მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც უნივერსიტეტების სტუდენტების, ასევე ზოგირთი ლექტორისა და უნივესიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდანაც.
