რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სომხეთის ევროპულ მისწრაფებებს შემაშფოთებელს უწოდებენ და მოუწოდებენ ქვეყანას, გაიაზრონ EU-ში გაწევრიანების "ნეგატიური შედეგები."
მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი, ვლადისლავ მასლენიკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთი პატივს სცემს სხვა სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ ინტეგრაციულ გაერთიანებებში.
"რუსეთი პატივს სცემს სხვა სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ ინტეგრაციულ გაერთიანებებში და განსაკუთრებით მათ სურვილს, მოიპოვონ დამატებითი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, რუსეთთან კონფრონტაციისკენ ბრიუსელის სტრატეგიული კურსისა და ევროკავშირის აგრესიულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად სწრაფი ტრანსფორმაციის კონტექსტში, სომხეთის ინტერესი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიმართ შეშფოთებას იწვევს.
ვიმედოვნებთ, რომ სომხეთს, როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრს, ესმის ბრიუსელთან სწრაფი დაახლოების პოტენციური ნეგატიური შედეგები, როგორც ჩვენი მოკავშირეობრივი ურთიერთობებისთვის, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესების განვითარებისთვის“, — აღნიშნა მან.
რუსი ოფიციალური პირები რეგულარულად აკეთებენ მსგავს განცხადებებს მას შემდეგ, რაც გასული წლის აპრილში სომხეთის მთავრობამ პარლამენტში გაიტანა კანონი, რომელიც „ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყებას“ მოითხოვს.
მოსკოვის შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი პოლიტიკური ჩარჩოს მიღების შემდეგ.
