logo
ENG



კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი გრანტების კანონზე: მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება

02 თებ 202614:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/02/bmxxtnunfk5xzpm.png

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი ქართული ოცნების პარლამენტის მიერ გრანტების შესახებ კანონის გამკაცრებას განცხადებით ეხმაურება. 

ის შეშფოთებას გამოთქვამს ცვლილებებზე და აცხადებს, რომ მათი მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაუწესდებათ და მათ ლეგიტიმურ საქმიანობას საფრთხე შეექმნება.  

"შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში ინიცირებული ცვლილებების გამო, რომლებიც მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვან შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ეს შეთავაზებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო კანონით ნაკისრ ვალდებულებას, დაიცვას ასოცირების თავისუფლება. მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაადასტუროს მხარდაჭერა სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ", - ამბობს კომისარი. 

ამასთან, კომისარი აღნიშნავს, რომ ცვლილებები შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და მიუთითებს, რომ ეს აგრძელებს შემზღუდავი კანონების სერიას, რომელიც 2024 წლიდან იქნა მიღებული და რომლებმაც სერიოზულად დააზიანა სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. 

"ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს მათი შესაბამისობის შესახებ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან, ასევე, არადისკრიმინაციის პრინციპთან, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებშია ასახული", - აცხადებს კომისარი.

ის მოუწოდებს ქართული ოცნების ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სხვა ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს.

"მათ უნდა უზრუნველყონ გაერთიანების თავისუფლების უფლება და შეწყვიტონ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული ყველა ფორმის შევიწროება და დაშინება", - აცხადებს მაიკლ ო'ფლაერტი. 

***

ქართული ოცნების რეჟიმი გრანტების კანონს ამკაცრებს. ეს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ცვლილებები, რომელიც კანონში შეაქვთ.

ის ამტკიცებს, რომ ცვლილებები შეაქვთ "ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად".

ამასთან, რეჟიმი გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6-წლამდე პატიმრობას. 

რა ცვლილებები შედის კანონპროექტში - სრულად


close დახურვა