პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. ცვლილებების თანახმად, სამსახურის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგ წავიდა.
პარლამენტმა კანონპროექტს კენჭი იმ დათქმით უყარა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მმართველი კოლეგიური ორგანო - იურიდიული დახმარების საბჭო - გაუქმდება და მასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები აღარ იარსებებს. თავდაპირველი ვერსიით, საბჭოს დაკომპლექტების მოდელის შეცვლა იყო დაგეგმილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მეორე მოსმენით განხილვისას წარმოდგენილი იქნება ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც სამსახურის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, დირექტორის უფლებამოსილებები გაძლიერდება, ხოლო საბჭოს ფუნქციები პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებში გადავა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.
