თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ქართული ოცნების განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ, თუმცა შეხვედრები გაგრძელდება.
როგორც მან თქვა, აუცილებელია, ჩართულმა მხარეებმა, მათ შორის თსუ-მა, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და სამინისტრომ თავიანთი ხედვა ჩამოაყალიბონ, რომელიც ამ პროცესს დაედება საფუძვლად.
"ერთი, რაზეც შევჯერდით არის ის, რომ აღნიშნული დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ამ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, დიალოგი გაგრძელდება და ვთვლით, რომ აუცილებელია ამ დიალოგში მონაწილე მხარეებმა და როგორც თსუ-მა, სტუ-მა და სამინისტრომ ერთობლივად მოამზადოს უკვე ის თავისი ხედვები, რომლებიც დაედება საფუძვლად ამ პროცესს. დღეს ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი შეხვედრები შესაძლებელია, მომავალ კვირასაც გაგრძელდეს.
აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრები უნდა წარიმართოს, რათა აღნიშნული პროცესი წარიმართოს აკადემიურ სფეროში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს ინფორმაციების გაცვლა. მას შემდეგ, რაც მოხდება აღნიშნული შეხვედრები, ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ შემდგომი თანამშრომლობის ფორმაზე. მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ სამინისტროც მოწოდებულია, ასეთი შეხვედრა რომ გაიმართოს"- თქვა სამუშიამ.
დღეს სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები ქართული ოცნების განათლების მინისტრს უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე ხვდებოდნენ.
